"ეს არის ასლან აბაშიძის დროინდელი მესიჯისა და ლოზუნგის გახსენების ძალიან უბადრუკი მცდელობა და ამას აჭარის საზოგადოება არჩევნებზე საკადრისს პასუხს გასცემს", - ასე აფასებს ფორმულასთან საუბარში ევროპული საქართველოს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი პატრიოტთა ალიანსის მიერ ბათუმი-სარფის გზაზე განთავსებულ საარჩევნო ბანერს, სადაც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსადაა გამოსახული.
კალოიანის თქმით, აჭარას დაცვა არა თურქეთისგან, არამედ რუსეთის ოკუპაციისა და უნიათო ხელისუფლებისგან სჭირდება.
"ეს ხრიკები აქ არ გავა. აჭარა თავისუფალია და ვერავინ გაბედავს მსგავსი ნარატივის გავრცელებას. ეს არის წინასაარჩევნო პოპულისტური ლოზუნგი. უნდათ გაათამაშონ თურქული კარტი - საარჩევნო კამპანია იქნება აწყობილი, რომ აჭარას სჭირდება თურქეთისგან დაცვა და ერთმორწმუნე რუსეთი ჩვენი დამცველია. აჭარას სჭირდება დაცვა სიღარიბისგან, რუსული ოკუპაციისგან და უნიათო ხელისუფლებისგან", - აცხადებს კალოიანი.
ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში სამართლიანი არჩევნების იურისტმა ნინო რიჟამაძემ დღეს, 29 აგვისტოს გაავრცელა.
თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 2020 წლის არჩევნებისთვის კი პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!".