გაივლის თუ არა სავალდებულო ორ კვირიან კარანტინს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუსელიდან დაბრუნების შემდეგ - ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი დავით ზალკალიანს მიმართავს.
კანდელაკის თქმით, ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, უცხოელებს კი არა, დისკრიმინაციულია.
„საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბატონი ზალკალიანი გაივლის თუ არა სხვა კანონმორჩილი მოქალაქეების მსგავსად სავალდებულო ორკვირიან კარანტინს?! თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი სავალდებულო კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება რატომ - რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი, სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან მიმართებაში, მითუმეტეს, რომ იგი იმყოფებოდა გაუმწვანებელ ქვეყანაში და რატომ უნდა გაიარონ კარანტინი ჩვენმა მოქალაქეებმა, თუკი ისინი იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, რომელიც გამწვანებულია და რომელთა მოქალაქეებსაც ამავე დროს არ ვთხოვთ კარანტინს “,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 5 ქვეყანასთან საზღვრები იხსნება. საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთზე, ლატვიაზე, ლიეტუვაზე და ესტონეთზე.
ასევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე შემოსვლისას საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.