1968 წელს, შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი, ლეგენდად ქცეული მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. იმავე წელს აპოლო 8-ის წარმატებული ექსპედიციის შედეგად, ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მთვარეზე დადგა ფეხი. დღეს 2020 წელია, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ზეიმობს კოსმოსურ ომებში გამარჯვებას, ილონ მასკის წარმატებული კოსმოსური პროექტით, თუმცა, რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა, ნაწილობრივ მაინც, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს აქილევსის ქუსლად რჩება.
რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში, სადაც იარაღის ქონა და ტარება კონსტიტუციითაა დაცული, პოლიცია წესრიგის და საკუთარი თავის დასაცავად ხისტ ზომებს ხშირად მიმართავს. თუმცა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფორმა და შინაარსი ამერიკული სამართალდამცავი სისტემის მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებს, რასაც ამერიკულმა საზოგადოებამ თვალი თამამად გაუსწორა, მასობრივმა პროტესტმა და სოლიდარობის აქციებმა კი პრობლემის გააზრებისა და გადაჭრის პროცესი დაძრა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მოწყობის წარმატება სწორედ იმაშია, რომ რთული პრობლემების გადაჭრა გამჭვირვალედ, საჯარო მსჯელობის და კონსენსუსის შედეგად ხდება, რასაც ბოროტად იყენებენ ტოტალიტარული რეჟიმები. ისინი, ვინც კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და ოპოზიციის ლიდერებს ხოცავენ და ციხეში ამწყვდევენ, დღეს ამერიკის ფერადკანიანი მოსახლეობის დასაცავად ილაშქრებენ და შტატების პოლიციას აკრიტიკებენ.
ამერიკაში მიმდინარე მოვლენებმა სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებიც დააფიქრა რასობრივი თანასწორობის საკითხზე. დემონსტრაციები გაიმართა ევროპულ დედაქალაქებშიც. იმას, თუ რა ხდებოდა ამ დღეებში ამერიკის ქუჩებში - მოვლენების თვითმხილველები ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესა და ჩიკაგოში მცხოვრები ქართველები - თავად მოუყვებიან "დროების" მაყურებელს.