გაიმართება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის სახალხო განხილვები დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს მიიღებს. იმისათვის, რომ საყოველთაო განხილვები შედგეს, კომისიის შექმნაა საჭირო. კომისია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაკომპლექტდება. სწორედ მისი წევრები გადაწყვეტენ, რა ფორმით წარიმართოს განხილვები.
„ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომისიის შექმნას პარტია მხარს აუცილებლად დაუჭერს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულება, მათ შორის პოლიტ-პატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.
„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ის შეთანხმება, რომელიც შედგა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის, რომელიც ერთის მხრივ, გულისხმობს საკოსნტიტუციო ცვლილებს და საარჩევნო სისტემის შეცვლას და მეორე მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, უნდა შესრულდეს. ეს არის კარგი შეთანხმება ქვეყნისთვის. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა, იმისთვის, რომ შეთანხმება ბოლომდე იქნეს მიღწეული, მისი მეორე ნაწილი უნდა შესრულდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.
კომისიის შექმნას მხარს უჭერს „ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი ხუნდაძეც და ის კომუნიკაციის ალტერნატიულ ვერსიასაც განიხილავს.
„მოგეხსენებათ, რომ პოზიციასა და ოპოზიციას შორის მოხდა შეთანხმება, მაგრამ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება. ამისათვის რეგლამენტით გაწერილია, რომ უნდა მოხდეს საზოგადოებასთან ამ საკითხთან საუბარი. ვითრებიდან გამომდინარე ვფიქრობ, ხომ არ მოხდეს ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალების გამოყენება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად კი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლაზეც იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება.
გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.
ამავდროულად, 8 მარტს ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის გაფორმებული მემორანდუმი, პოლიტიკური პატიმრების საკითხის მოგვარებასაც ითვალისწინებს.