logo
ENG



კაპანაძე: პირველად არ ხდება, როცა ოცნება ცდილობს, სასამართლო კლანის კონტროლის ქვეშ მოაქციოს

06 ოქტ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 
კაპანაძე: პირველად არ ხდება, როცა ოცნება ცდილობს, სასამართლო კლანის კონტროლის ქვეშ მოაქციოს

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე მოსამართლეების არჩევის საკითხზე ევროკავშირის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის, ცდილობს, რომ სასამართლო ოლიგარქისა და კლანის კონტროლის ქვეშ მოაქციოს.

მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, სწორედ ეს არის პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გზავნილების ერთ-ერთი მიზეზი.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანა არის, რომ სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქისა და კლანის კონტროლის ქვეშ და ამ ნაბიჯების გადადგმის დროს ისინი არც ვენეციის კომისიას უსმენენ, არც ელჩებს, არც ევროპარლამენტარებს, არც ამერიკის კონგრესს.

სწორედ ამიტომ არის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი კრიტიკა მოდის საქართველოს მისამართით, ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და აუცილებლად შეიცვლება არჩევნების შემდეგ", - ამბობს სერგი კაპანაძე.

გუშინ, 5 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებული კანონი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცედურაზე "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა", ხელისუფლებას ხალხის მეტი ნდობა მოეპოვებინა მართლმსაჯულების მიმართ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება მოსამართლეების შერჩევის პროცედურაში არსებული ხარვეზების გამო:

"სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რაც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის შექმნის დაკარგული შესაძლებლობა".

პარლამენტმა ბოლო პლენარულ სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა - შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი. კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აკრიტიკებენ.


close დახურვა