"საზოგადოებას აქვს სრულიად სხვა მოთხოვნები, ვიდრე საუბარი იმაზე, ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა საქართველოში", - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის გეგმასთან დაკავშირებით.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს და მთავარი თემა უნდა იყოს ის, თუ როგორ გამოიყვანს კონკრეტული პოლიტიკური ძალა ქვეყანას კრიზისიდან.
"რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ საქართველოში და ყველას უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ეს არ არის მთავარი თემა. საზოგადოებას ეგ კი არ აწუხებს, არამედ ის, რომ არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ადამიანები წინასაარჩევნოდ უყურებენ იმას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს ამის შესაცვლელად. ამრიგად, ამ იმავე წრეზე სიარული, რომ ერთმა კაცმა უნდა მართოს და ერთი კაცის გეგმით უნდა ვიაროთ, არის მოძველებული. ეს წინასაარჩევნო გარემო განსხვავდება ძველი გარემოებისაგან სწორედ ამით, რომ ეს არის იდეების და ხედვის ჭიდილი, ჩვენ კი გვაქვს ხედვა და გეგმა, თუ როგორ გამოვიდეთ ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ექსპრეზიდენტი ენმ-სა ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელდა.