"დიდი შეცდომაა, თუ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, რომ ეს არჩევნები აქციოს რეფერენდუმად იმაზე, დაბრუნდეს თუ არა სააკაშვილი და იყოს თუ არა პრემიერმინისტრი", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა.
კაპანაძემ ევროპულ საქართველოსა და ენმ-ს შორის აზრთა სხვადასხვაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, კონცენტრირება არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხებაზე მოხდეს.
"ჩვენი ამოცანა არის ივანიშვილის დამარცხება და ქვეყნის გამოყვანა ამ სიღარიბიდან, უიმედობიდან, კრიმინალიდან და კორუფციიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეგვდენა ყველა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მთელი კამპანიის ფოკუსი უნდა იყოს ეს. ჩვენი შემდეგი არჩევნები უნდა იყოს რეფერენდუმი იმაზე, რომ ივანიშვილი წავიდეს, ეს არის მთავარი ამბავი და ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ყველა ამ აზრის ირგვლივ. ძალიან დიდი შეცდომაა, თუ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, რომ ეს არჩევნები აქციოს რეფერენდუმად იმაზე, დაბრუნდეს თუ არა სააკაშვილი და იყოს თუ არა პრემიერმინისტრი", - განაცხადა კაპანაძემ.
ევროპული საქართველოს წევრმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ივანიშვილმა გამარჯვება სწორედ მიხეილ სააკაშვილზე ყურადღების გადატანის შედეგად შეძლო.
"ეს რომ შეცდომაა, ჩანს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდანაც. პირველი ტური, რომელიც იყო რეფერენდუმი იმაზე, სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო თუ არა პრეზიდენტი, დამთავრდა ოცნებისთვის წარუმატებლად და კარგად გვახსოვს ის წაშლილი სახე, რომელიც ივანიშვილს ჰქონდა. მეორე ტურში მოახერხა ივანიშვილმა, რომ შემოეტრიალებინა ფირფიტა და ექცია რეფერენდუმად იმაზე, რომ სააკაშვილის ადამიანი ხდება პრეზიდენტი და ის დამთავრდა მისთვის წარმატებულად. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ნუ მივცემთ ამ საშუალებას ივანიშვილს, რომ შეცვალოს დისკუსია და საუბარი იმაზე, თუ რაზეა ეს არჩევნები. ეს არჩევნები არის ივანიშვილის წასვლის არჩევნები და ეს უნდა იყოს რეფერენდუმი“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მათი პარტიისთვის მიუღებელი იქნება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ან პრემიერის პოსტზე ყოფნა.
მოგვიანებით ბაქრაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი. სამადაშვილის თქმით, ბაქრაძის მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა, ევროპული საქართველოს მაჟორიტარებს ძვირი დაუჯდებათ.