ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ ფორმულას ეთერში, Edison Research-ის კვლევის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ამომრჩევლის მზაობა ცვლილებებისთვის დიდია.
კაპანაძის თქმით, არჩევნებზე წასვლის მსურველთა რაოდენობა, უკმაყოფილების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.
"როდესაც აქტივობა მაღალია, როდესაც აქტივობის განზრახვა მაღალია, რაც კვლევებშიც ჩანს, ეს უკმაყოფილების ხარისხთან პირდაპირპროპორციულია. თუ მოსახლეობა კმაყოფილია იმით რაც ხდება, როგორც წესი, არჩევნებზე წასვლით თავს არ იკლავს. როცა ცვლილებების მოლოდინია, მაშინ არის, როდესაც გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ არჩევნებზე წავლენ. ამიტომ, ეგ მაჩვენებელი ოპტიმისტურია. 2012-ში ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ამომრჩევლის, რადგან უკმაყოფილო იყო წინა ხელისუფლების - მივიდა არჩევნებზე და კიდეც დამარცხდა წინა ხელისუფლება. მსგავსი სურათია ახლაც, მზაობა ცვლილებებისთვის ძალიან დიდია", - განაცხადა კაპანაძემ.
Edison Research-ის კვლევის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯამში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 94% აპირებს.
უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტების 75% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს. 19% კი ამბობს, რომ "ალბათ მიიღებს".
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 3% არჩევნებში მონაწილეობას "ალბათ არ მიიღებს".
3% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.