logo
ENG



კაპანაძე რუსულ კანონზე: მავნებლური კანონია, ამის მიღება კლავს სტატუსის მიღების შანსს

23 თებ 202314:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/23/84vvmpwqjlvj66e.png

არასამთავრობო ორგანიზაცია Grass-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

კაპანაძის თქმით, ქართული ოცნება ტყუის, როცა ამბობს, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს არასამთავრობო სექტორის ფინანსების გამჭვირვალობას და არ აწესებს შეზღუდვებს.

როგორც ის ამბობს, ამ კანონის მიღებით კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი იკარგება.

ბოლო დღეების ქოცების ტყუილების მესიჯების პასუხად:

1. კანონპროექტი არ წაუკითხავთ. ტყუილია. წავიკითხეთ ზედმიწევნით კარგად. კანონი არის რუსული.

2. ეს არის ამერიკული კანონის ლაითი ვერსია. ტყუილია. ეს არის რუსული კანონი. უფრო სწორად რუსეთის მიერ მიღებული პირველი ორი კანონის ჰიბრიდი. ამერიკული კანონი მიმართული იყო მტრების (ფაშიზმი და კომუნიზმი) წინააღმდეგ. ეს კანონი მიმართულია ევროკავშირის და აშშ-ის წინააღმდეგ. რუსული დაფინანსების სამხილებელი კანონპროექტი მე წარვადგინე 3 წლის წინ და ქოცებმა ჩააგდეს.

3. კანონი მიზნად ისახავს არასამთავრობოების ფინანსების გამჭვირვალეობას. ტყუილია. ჩვენი ფინანსები გამჭვირვალეა. კანონი მიზნად ისახავს არასამთავრობოების და დასავლეთის დემონიზებას. ნჯო-ები ისედაც არეგისტრირებენ გრანტებს და აქვეყნებენ დაფინანსების წყაროებს. ახლა ქოცებს ექნებათ ლეგალური გზა მიიღონ პირადი ინფორმაციაც კი.

4. კანონი არ აწესებს შეზღუდვებს. ტყუილია. კანონი ყველა არასამთავრობოს უცვლის საქმიანობის შინაარსს და გვაიძულებს რომ დავფიქსირდეთ უცხოეთის გავლენის აგენტებად. ეს არის პირდაპირი ჩარევა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ არავის გავლენის აგენტები არ ვართ.

5. მსგავსი კანონები არის ევროპაში. ტყუილია. ევროპაში რეგულირდება ლობიზმი. აქ ხდება მედიების და არასამთაბრობოების აგენტად შერაცხვა. მსგავსი კანონებია მხოლოდ რუსეთში, ბელარუსში და აზერბაიჯანში. უნგრეთმაც მიიღო, მაგრამ გააუქმებინა ევროკავშირმა.

6. არასამთავრობოები მიზნად ისახავენ თემის ტაბუირებას. ტყუილია. ნებისმიერი თემის განხილვა შეიძლება, მაგრამ როცა კანდიდატის სტატუსის შანსი გვაქვს ამ კანონის მიღება კლავს ამ შანსს. ამიტომ ამ კანონის მიღება არის საზიანო.

7. არაფერი არ შეიცვლება არასამთავრობოების საქმიანობაში. ტყუილია. იუსტიციის სამინისტრო ჩასვამს არასამთავრობოებს აგენტების სიაში, შეეძლება მათი მონიტორინგი, მათ შორის, ანონიმური წერილების საფუძველზე, შეეძლება დააკისროს ჯარიმები, მათ შორის, დააყადაღოს ანგარიშები. მერე რასაც უნდა იმას გააკეთებს და დამატებით წესებს შემოიღებს იუსტიციის სამინისტრო. ვინ გააკონტროლებს?

8. კანონი ხელს არ უშლის ჩვენს ევროინტეგრაციას. მამალი ტყუილია. პირდაპირ უშლის.

9. აგენტი სხვა რამეს ნიშნავს და გავლენის აგენტი სხვა რამეს. ტყუილია. სემანტიკურად არ აქვს მნიშვნელობა, ზუსტად რას ნიშნავს ეს ტერმინი. უფრო მეტიც, სულ რომ "გავლენის გამტარებლად" შეცვალონ ტერმინი და სიტყვა აგენტი ამოიღონ, აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება კანონის შინაარსიდან გამომდინარე.

რეზიუმე. ეს არის მავნებლური რუსული კანონი, რომელიც მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

პ.ს. აფხაზეთში, აგერ უკვე მეორე მოწვევის "პარლამენტი" არ იღებს მსგავს კანონს. იფიქრეთ ამაზე"- წერს კაპანაძე.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.


close დახურვა