ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნოტაციების კითხვის ნაცვლად, მთავრობის მეთაურს ურჩევნია, მოლაპარაკებებზე მმართველმა გუნდმა შეთანხმებას მიაღწიოს.
"თუ ოდნავ მაინც აქვს რაღაც დისკრეცია უფლებამოსილების, რომ გააკეთოს, არის ის, რომ ამ მოლაპარაკებებზე ქართული ოცნება მოვიდეს კონსტრუქციულად და შეთანხმებას მიაღწიონ. თუ არა, მერე დასხდნენ და ითვალონ, თუ რამდენი ადამიანი მოვა და კიდევ უფრო როგორ გაღრმავდება კრიზისი. ეს დამოკიდებულება, რაღაც კუნთების ჩვენების, ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირების და კიდევ აქეთ რაღაც დამუქრების, საბოლოო ჯამში ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს მათ შორის ქართულ ოცნებასაც", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას ისევ დესტრუქციული უწოდა. ის პარტიების მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ოპოზიციის მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე".
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა "ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვა".
23 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების" თემაზე მოსმენა გაიმართა.
სენატორმა შაჰინმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოში "კრიტიკულ" სიტუაციასა და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრაა:
"არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია".
მანვე ახსენა ოპოზიონერთა დაკავება და ეს "რუსეთის გამარჯვებად" შეაფასა.