logo
ENG



კაპანაძე წულუკიანზე: ეშინიათ დამკვირვებლების, იმედი აქვთ, რომ რაღაცას გააყალბებენ

27 ოქტ 202014:56
3 წუთის საკითხავი
 
კაპანაძე წულუკიანზე: ეშინიათ დამკვირვებლების, იმედი აქვთ, რომ რაღაცას გააყალბებენ

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს დამკვირვებლების ეშინია, რადგან იმედი აქვთ, რომ არჩევნების გაყალბებას შეძლებენ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, სწორედ ამის მანიშნებელია ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-4 ნომრის, თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე დაიწყებენ საუბარს.

"აქ გამოჩნდა ერთი რამ, რომ მათ ეშინიათ დამკვირვებლების, არ უნდათ, რომ ბევრი ადამიანი აკვირდებოდეს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ან რაღაცას გააყალბებენ, ან რაღაც სხვა ინსტრუმენტს გამოიყენებენ და არ გამოუვათ ეს არც ქალბატონ წულუკიანს და არც მის ბატონს, ივანიშვილს. აუცილებლად დამარცხდებიან ამ არჩევნებზე, მათ შორის იმის გამოც, რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება", - განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე ჩამოთვალა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მისი თქმით, დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან და არჩევნებს აკვირდებიან.

"ქალბატონმა წულუკიანმა რაღაც სია რომ წარადგინა და ტყუილებით გაავსო იქაურობა, ძალიან მაინტერესებს რატომ არ წაიკითხა დამკვირვებლების სიაში შემდეგი სუბიექტები:

·         საქართველოს პროფესიული განათლების და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი?! მათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს.

·         გრიგოლ გაგნიძის ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია, ასევე მათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება.

·         ლადო ბოჟაძის არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი.

·         ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია - ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის.

·         სახელმწიფო და მოქალაქე ან მწვანე დედამიწა.

ამ ყველაფერს აკეთებენ თვითონ, თვითონ ჰყავთ თავიანთი დამკვირვებელი ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, დამკვირვებელ ორგანიზაციებში ისეთებიც იქნებიან, რომელთაც არ მოსწონთ ეს მთავრობა, რომელთაც კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიასთან ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემატური, გაუგებარია", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.​


close დახურვა