ბათუმში საკარანტინო სივრცეში მყოფი პიროვნება, რომელიც 13 აგვისტოს სასტუმროს მე-4 სართულიდან გადახტა, ბათუმის ჰოსპიტალში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 1993 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში გადაიყვანეს.
"14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში", - წერია შსს-ს განცხადებაში.