რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. მისი თქმით, ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს "დისკრიმინაციული ხასიათი აქვს". ამის შესახებ კარასინმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.
"ფარცხალაძეს პირადად არ ვიცნობ და არც სპეცსამსახურებთან კავშირზე მაქვს რაიმე ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მიდგომა არ იცვლება. აღშფოთების გარდა, სხვა რეაქცია ვერ გვექნება. ამ სანქციებს აქვს დისკრიმინაციული ხასიათი, არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა და მსგავსი რამ საერთაშორისო ურთიერთობებში ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.
სანქციები უკვე რამდენიმე ათასს ადამიანს შეეხო. აშშ და ევროკავშირი მათ მიმართ აგრესიულად მოქმედებენ. ამას უნდა შევეგუოთ და სწორედ ამის გამოა, რომ ახლა იშლება ერთპოლუსიანი სამყაროს სტრუქტურა და იქმნება ახალი სტრუქტურები, რომელიც წარმოადგენს ე.წ. სტრატეგიულ სამხრეთს და კავკასიის გეოპოლიტიკური ძალების ინტერესებს. უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ მომავალში", - თქვა კარასინმა.
აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.