რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო. ამის შესახებ კარასინმა გამოცემა RBK-სთან ისაუბრა.
"ბუნებრივია, ჩვენ განვიხილავთ ამას, აზრებს ვცვლით, მაგრამ არის გამონათქვამი, რომ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო. და თუ დუეტის ერთ-ერთ წევრს ეჭვი ეპარება, მაშინ ზეწოლა არაა საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - განაცხადა კარასინმა, რომელიც ახლა ფედერაციული საბჭოს სენატორია.
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ამავე დროს, ის აქებდა საქართველოს მთავრობას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.
ქართულ ოცნებაში ავიამიმოსვლის აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავნ და, პირიქით, მიესალმებიან კიდეც. ამავე დროს, ოპოზიციაში პირდაპირ საფრთხეს ხედავენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღდეგია და ამბობს, რომ როდესაც ჩვენი პარტნიორები უკრაინის გვერდით დგანან, საქართველოს მთავრობის პოზიცია გაუგებარია.