აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი, ევროპელ კოლეგებთან ერთად განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ფინანსური სანქციების საჭიროებაზე მიუთითებს.
ერთობლივ განცხადებაში საუბარია ქართული ოცნების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალის გადამეტებასა და ქართველების სულისკვეთებაზე, დაიცვან კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური მისწრაფებები.
"უკრაინის ბრძოლა ასევე არის ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლა. ამ მამაცმა პარტნიორმა ქვეყნებმა ნათლად გამოხატეს თავიანთი სურვილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ. ჩვენ უნდა უარვყოთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ყალბი არჩევნები და უარი ვთქვათ ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ის ეძებს.
ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით, რომლებიც ქართული ოცნების ძალადობრივი ზეწოლის მიუხედავად იცავენ კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც აწყობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმა იქნება მიიტანს, როგორებიცაა ფინანსური სანქციები.
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ჩვენს საერთო სულისკვეთებაში ამაყად ვაცხადებთ: დიდება უკრაინას, გაუმარჯოს ბელარუსს და საქართველო ეკუთვნის ევროპას"- ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან:
ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ტალი; იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი ლია ქუარტაპელე, ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რუსლანას ბარანოვასი; ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჟიგიმანტას პავილიონისი, პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რადოსლავ ფოგიელი, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი კარლოს როხას გარსია და უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მერეჟკო.