logo
ENG



კარვების კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

04 ოქტ 202316:50
3 წუთის საკითხავი
 
კარვების კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 23 კი წინააღმდეგ წავიდა. 

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ. კანონში ცვლილებებს 3 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2 ოქტომბერს კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი. 

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.


close დახურვა