logo
ENG



კარვების კანონს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

03 ოქტ 202312:13
3 წუთის საკითხავი
 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ. გუშინ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზეც.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.


close დახურვა