ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შესახებ პარლამენტში შეხვედრები გამართა, მათი დასრულების შემდეგ კი მედიასთან პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის ორი კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
ჰარცელი კანონპროექტების შემდგომი საპარლამენტო განხილვის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანონპროექტების შეფასებას არ აპირებს.
"როგორც ვიცით, ამ დროისთვის, პარლამენტში შემდგომი განხილვისთვის ორი კანონპროექტია წარდგენილი. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ამ საკითხზე [ამნისტია] პარლამენტში დაწყებული დისკუსიის გაგრძელება საკვანძო მნიშვნელობისაა", - ამბობს ჰარცელი, - "არ ვაპირებ რომელიმე წარდგენილი კანონპროექტის კომენტირებას, თუმცა ახლა უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება, რომ საპარლამენტო მუშაობით და პარტიებს შორის დისკუსიის გზით, რაც შეიძლება მალე გადაიდგას ნაბიჯი წინ".
მე-10 მოწვევის პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტის მიღებას 19 აპრილს ოპოზიციური პარტიების ნაწილსა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმება ავალდებულებს. ამნისტიის მუხლი შეთანხმებაში ენმ-ის დაპატიმრებული ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლების ერთ-ერთ ინსტრუმენტად არის ჩადებული.
პარლამენტში ამ ეტაპისთვის ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული: პარლამენტში შესული ოპოზიციური დეპუტატებისა და ხელისუფლების.
ოპოზიციური პარტიები ამნისტიის კანონპროექტში 20 ივნისის საქმეზე გასამართლებული კონკრეტული მუხლების დაზუსტებას და ამნისტიის მხოლოდ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გავრცელებას ითხოვენ, თუმცა მათ ინიციატივას ხელისუფლების მხარდაჭერა არ აქვს.
ქართულმა ოცნებამ კი ამნისტიის იმგვარი კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ყველა შესაძლო დანაშაულის ამნისტირებას გულისხმობს.
ხელისუფლების კანონპროექტს 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს დაშავებული დემონსტრანტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.