შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნაციო კასისმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინაში რუსეთის მასობრივ მკვლელობებზე თვალს არ დახუჭავს.
კასისის თქმით, მართალია შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის დანაშაულებს ყურადღებას არ მიაქცევს.
„დასაწყისიდანვე შვეიცარიამ მტკიცედ დაგმო რუსეთის შეიარაღებული აგრესია. ჩვენ მყისიერად შევიმუშავეთ კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად. შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება. ადამიანების მასობრივ მკვლელობას არაფერი აქვს საერთო ნეიტრალიტეტთან ან ჩვენს ღირებულებებთან“ - განაცხადა კასისმა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრამდე ის კიევის გარეუბნებში იყო ჩასული, სადაც რუსეთის სისასტიკეები იხილა და ასევე ესაუბრა ადამიანებს, ვინც ომის შედეგად საცხოვრებელი დაკარგა.
„ის, რაც დღეს დილით ვიხილეთ აღქმის მიღმაა. მიუხედავად იმ დრამატული სურათების მიუხედავად, რამაც ჩვენამდე მოაღწია, მხოლოდ პირადად ვიზიტი გვიქმნის რუსულ სისასტიკესა და მოსახლეობის ტანჯვაზე წარმოდგენას“ - განაცხადა კასისმა.
შვეიცარიის პრეზიდენტმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მიზანი, როგორც ომის დასრულებისთვის საჭირო ძალისხმევაზე საუბარი, ასე უკრაინის ხელახალი აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობაა.
„მე აქ 3 მიზეზის გამო ვარ - რომ ვისაუბრო ჩვენს დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რასაც ახლა ვწევთ და რაც გვინდა მომავალში გავაკეთოთ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია უკრაინის ხელახალი აღმშენებლობის პროცესი გავაგრძელოთ, რაც უკვე დაწყებულია.
„მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ შვეიცარია უკრაინის ერთგულია და რუსეთს დეესკალაციისკენ და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების სრული გაყვანისკენ მოუწოდებს“ - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.