logo
ENG



კასპის ყოფილი მერი საკრებულოს თავმჯდომარეს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებს

18 თებ 202212:28
3 წუთის საკითხავი
 

კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერებაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს, შმაგი ბეგლარაშვილს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებს. კასპში საკრებულოს სხდომიდან ქართული ოცნების ყოფილი წევრები პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. საკრებულოში ამ დრომდე ხმაურია.

მანუჩარ მერებაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქართული ოცნების წევრისა და კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მხილებისა და მისი განათლების შესახებ პასუხების მისაღებად მივიდა.

მერებაშვილს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ქართული ოცნების ყოფილი წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს განათლების დამადასტურებელი დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

„ადამიანებს, რომლებსაც პასუხი არ აქვთ კითხვებზე, პოლიციის ძალით ცდილობენ ჩაატარონ საკრებულოს სხდომა. 2 თვის განმავლობაში იმალებიან სიმართლეს ვერ ისმენენ, მათი გადაცდომების მხილების დროა დღეს, ცდილობენ ეს ყველაფერი შეზღუდონ დღეს.

ხელისუფლებას რომელსაც სჭირდება რომ ძალის გამოყენებით დაიცვას თავისი თავი, მერწმუნეთ რომ მათი საქმე ძალიან ცუდადაა.“ - აცხადებს მანუჩარ მერებაშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შმაგი ბეგლარაშვილი დიპლომის გაყალბების შესახებ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისი განათლების შესახებ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, მანუჩარ მერებაშვილმა იანვარში განაცხადა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, შმაგი ბეგლარაშვილს ყალბი დიპლომი აქვს.

კასპის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე საკრებულოს თავმჯდომარის განათლების შესახებ მითითებულია, რომ ბეგლარაშვილმა 1992-97 წლებში უმაღლესი განათლება თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში მიიღო და 1997 წელს ამ უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა.

ყოფილი მერის ცნობით, აღნიშნულ წლებში თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყო, შესაბამისად ბეგლარიშვილის დიპლომი ყალბია.


close დახურვა