logo
ENG



კახა კალაძე Credit Suisse-სა და ივანიშვილზე: ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც

22 აგვ 202213:43
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა არის "რეკეტი და შეიძლება უფრო მეტიც".

ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დასახელდა. 

2022 წლის 5 ივლისს კი ივანიშვილმა Credit Suisse-სგან მიიღო წერილი, სადაც საუბარია, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო ბანკი სასამართლოს თანხმობის გარეშე ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს. 

„რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც, ძალიან მძიმე. 

გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა.

ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა". - ამბობს კახა კალაძე.  

შვეიცარია დღეს, 22 აგვისტოს თავის წერილში ქართული ოცნებიდან ფორმალურად გასულმა 4-მა დეპუტატმაც "გააკრიტიკა". შვეიცარიული ბანკის ქმედებებს რეკეტი სწორედ მათ უწოდეს, რაც კახა კალაძემ გაიმეორა. 


close დახურვა