თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, თერაპია კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი კახა ჭელიძე გადაცემა „COVID 19“ -ში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ პაციენტზე საუბრობს, რომელსაც კორონავირუსი აღენიშნებოდა. მისი განცხადებით პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე მძიმე იყო და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„სამწუხაროდ თავიდანვე უკიდურესად მძიმე პაციენტი იყო, რომელსაც დაავადების დასაწყისში უკვე ტერმინალური შეიძლება ვუწოდოთ. სამწუხაროდ ვერ შევუნარჩუნეთ სიცოცხლე“, - განაცხადა კახა ჭელიძემ.
თერაპევტის განცხადებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად 8 პაციენტი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა.
„რეანიმაციულ განყოფილებაში ამჟამად 8 პაციენტია, მათი მდგომარეობს სტაბილურად მძიმეა, თუმცა მთელი ამ ხნის მანძილზე ხერხდება მათი სასიცოცხლო ნიშნების შენარჩუნება და არის გარკვეული პერსპექტივები სასიკეთო გამოსვლის“, - აცხადებს კახა ჭელიძე.
კითხვაზე ადასტურებს თუ არა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების ვირუსით დაინფიცირებას, თერაპევტი აცხადებს, რომ ამ ფაქტის გარშემო აჟიოტაჟია ატეხილი. მისი განცხადებით, აღნიშნული შემთხვევები დროულად იქნა გამოვლენილი, თუმცა ის ვინაობაზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამის უფლება მხოლოდ და მხოლოდ პაციენტს აქვს.
„კოვიდ ინფექცია გახლავთ ომი, მსხვერპლი ამ ომს ახლავს. საბედნიეროდ ექიმების დაინფიცირების შემთხვევები, არის ადრეულად გამოვლენილი. ის აჟიოტაჟი, რომელიც არის ატეხილი ამ მოვლენის გარშემო არაჯანსაღია, რადგან არ ყოფილა არცერთი შემთხვევის დამალვა. ეს გახლდათ იმ პრინციპის შენარჩუნება და მიდევნება, რასაც ჰქვია ინფორმაციის კონფიდენციალობა. ექიმი იქნება თუ სხვა პაციენტი, მისი ინფორმაცია ხელშეუხებელია და თუკი თვითონ არ მოინდომებს ამის გამჟღავნებას, ამის უფლება და სურვილი არავის გაგვაჩნია“, - განაცხდა კახა ჭელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულზე ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 7-ს შეადგენს. კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა. „ფორმულას“ ინფორმაციით გარდაცლილი 83 წლის მამაკაცი იყო და მას დიაბეტი ჰქონდა.