საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ერთ დღეში 36 000-მდე საქართველოს მოქალაქის გერმანიაში სამუშაოდ წასვლის სურვილის გამოხატვა ნორმალურია, რადგან ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკა განვითარებადია და ამ ტევადობის ადამიანების დასაქმება არ შეუძლია.
კახაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ხდება ლეგალურად და მათ სამართალდამცველებისგან დამალვა აღარ მოუწევთ.
"ჩემს ახალგაზრდობაში, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, საქართველოდან სამუშაოდ მიდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მიდიოდნენ უზბეკეთში. საერთოდ ასეთია წესი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ლეგალურად, როდესაც აქედან იქნება სახელმწიფოს თანხმობა და დამალვა არ იქნება საჭირო. თუ ჩვენთან იქნება სამუშაო ადგილი, აქ მოვა ადამიანი. გერმანიაში მიდიან, გერმანიას თავისი საწარმოო პოტენციალის ასათვისებლად რესურსი არ გააჩნია. ჩვენ არ ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკა იმ ტევადობის არ არის, რომ ბევრი ადამიანი დაასაქმოს? ჩვენ განვითარებად ეკონომიკა გვაქვს და ვცდილობთ, მაქსიმალურად...", - აცხადებს კახაძე.
მისი თქმით, სახელმწიფოს უჭირს და ცდილობს, მაქსიმალურად დაასაქმოს მოქალაქეები.
"ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, ლეგალურად შეეძლებათ 3 თვით წავიდნენ, ამაში ცუდს რას ხედავთ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ გვიჭირს და მაქსიმალურად გვინდა, ადამიანმა შემოსავალი იშოვოს. ჩვენ რამდენი მეცნიერი გყვავს, ექიმი, ფილოსოფოსი, "აიტიშნიკები", რომლებიც წავიდნენ და უფრო ძვირადღირებულ ბაზარზე უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს. ის შემოსავალი მერე აქ უნდა შემოვიდეს, მერე შემოსავალი აქ რომ დაგროვდება, აქ შეიქმნა პოტენციალი. ეს გზა გასავლელი გვაქვს", - განაცხადა კახაძემ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 16 თებერვლის ინფორმაციით, გერმანიაში დროებით დასაქმების პორტალზე 24 საათში საქართველოს 35 121 მოქალაქე დარეგისტრირდა.
მათი ცნობით, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.