logo
ENG



კახეთში მოკლული ქალის დედა სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს

10 ოქტ 202212:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/10/dl4hd2t6lbkavrm.jpg

კახეთში 26 წლის ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილი მასზე და მის 6 წლის შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. მოკლული ქალის დედა სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

არსებობს ჩანაწერები, სადაც 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილს დედასთან მიმოწერა ჰქონდა, სადაც ჩანს თუ როგორ სთხოვს ის დედას დახმარებას. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, ბოლოს, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 3 ოქტომბერს იძალადა 22 წლის მამაკაცმა მის შვილზე და შვილიშვილზე. გარდაცვლილის დედას ფიზიკური დაზიანებების ფოტომტკიცებულება აქვს.

22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და მას ოჯახთან მიახლოვება ეკრძალებოდა. ასევე საქმე აღძრული იყო ქალის მიმართ ძალადობის მუხლით, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა 2000 ლარიანი გირაოთი გამხვეტელაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა და რამდენიმე დღეში მარიამ გამტკიცულაშვილის საცხოვრებელ სახლში მივიდა.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცმა ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი ცივი იარაღით ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

"ის გარეწარი, რომ არ გამოსულიყო დღეს ეს მკვდარი არ იქნებოდა და აქ არ იწვებოდა. მე ვიძახდი პოლიციაში: არანაირად არ დავუშვებ ეგ გარეწარი გირაოთი გამოიყვანოთ," - თქვა გარდაცვლილის დედამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევიდან მალევე დააკავა. ის ახლა თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა