logo
ENG



კახიძე - ხელისუფლება ქაოტურად მოქმედებს, სხვადასხვა ნაბიჯებით კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა

27 მაი 202015:29
3 წუთის საკითხავი
 

„ხელისუფლება ქაოტურად მოქმედებს, არ აქვს ხედვა და კრიზისი, რომელიც შექმნილი იყო, კიდევ უფრო გაამწვავა სხვადასხვა ნაბიჯებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მან კორონავირუსის პანდემიის პირობებში ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობა საკუთარ კომფორტზე ზრუნავს, მოქალაქეებს კი, დახმარების გარეშე ტოვებს.

„შევახსენებ მოქალაქეებს, სრულიად უაზრო აკრძალვა იყო მანქანების გადაადგილების, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი კომენდანტის საათი, მანქანებში ჯდომის აკრძალვა, რომლის გამოც 3 ათას ლარიან ჯარიმებს წერდნენ, დახურული ბიზნესები გაურკვეველი მიზეზით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამდენი ხნით გაჩერება, რამაც მოუსპო მოქალაქეებს სამსახურში მისვლის საშუალება. ეს შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ იყო დასაბუთებული და ამავე დროს, იყო შერჩევითი. მაგალითად არ ვრცელდებოდა საეკლესიო შეკრებებზე და ამ დროს მოქალაქეებს არ აძლევდნენ საშუალებას, ლუკმა პური ეშოვნათ, ტიტების გაყიდვაზე ჯარიმა იყო მაგრამ ბზების რეალიზაციაზე არა.

რაც შეეხება დახმარებების ნაწილს. „ევროპული საქართველოს“ გეგმით, რომელიც წარვადგინეთ, ვინც დაკარგა სამსახური უნდა მიეცეს ხელფასის ან დანაკლისის 50%, რომ ადამიანი ფეხზე იდგეს, ოჯახები არ ჩამოიშალოს. ესენი 200-ლარიან დახმარებას სთავაზობენ, კი არა აძლევენ. როცა ამბობენ, რომ არ აქვს ბიუჯეტს მეტი დახმარების საშუალება, ნიშნავს, რომ არ უნდა თვითონ რომ მოიკლონ. ამას ვამბობთ, რომ შეამცირონ ბიუროკრატიული ხარჯები, შეამცირონ პრემიები, მანქანები, საკუთარი კომფორტი, ეს მოიკლონ და ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანხა, იმას დაუდგნენ გვერდით. ჩვენ ყველაფერი გვაქვს გაანგარიშებული. ამის გარდა 772 მილიონი ლარი არის საპენსიო ფონდში. თუ მაგალითად ადამიანს აქვს ხელფასი 1500 ლარი, მას ფონდში დაგროვილი აქვს მინიმუმ 980 ლარი, თავისი ფული, რომელსაც არ აძლევენ. ამის გარდა, 480 ლარი დაგროვილი აქვს ბიზნესს, რომელიც ხელფასს აძლევდა ამ ადამიანს. ანუ თითო დასაქმებულზე ბიზნესს შეუძლიათ დაუბრუნონ 480 და ადამიანს 980 ლარი. ეს ხომ უდიდესი შეღავათი იქნება. ამაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

და ბოლოს, თვითდასაქმებულებს სთხოვენ ცნობების მიტანას. მაგალითად, სანტექნიკის ხელოსანმა, ძიძამ რა ცნობა უნდა მოიტანოს? ვის უნდა გამოართვას. ეს ხომ არის აბსურდული ბიუროკრატია, რომელიც ადამიანებს დატოვებს დახმარების გარეშე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.


close დახურვა