logo
ENG



კელი: სახ.დეპში მკაცრი განცხადება გაკეთდება, ოცნების ინიციატივებზე შემხვედრი პასუხი იქნება

05 აპრ 202420:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/05/phui49294vwgbme.jpg

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ აშშ-ში გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებითა და საქართველოში ყოფილი ელჩებით დაკომპლექტებული ჯგუფის შეხვედრა შედგა, რომელშიც მათ შორის კელი დეგნანიც მონაწილეობდა და ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე ისაუბრეს.

ფორმულასთან საუბრისას კელი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტში "მკაცრი განცხადება" გაკეთდება რუსული კანონის ხელახლა ინიცირების საპასუხოდ. მისი თქმით, ენტონი ბლინკენი ამჟამად არ იმყოფება ვაშინგტონში და ამიტომ, უცნობია ზუსტი დრო, როდის შეჯერდება განცხადება სახელმწიფო მდივანთან.

იან კელის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს "ადეკვატურ პასუხზე" იმ ბრალდებებისა და განცხადებების მიმათ, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ვაშინგტონის მისამართით ისმის.

"საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედ მაღალჩინოსნებს, გვაქვს ერთობლივი ჯგუფი შექმნილი, როგორც საქართველოს მეგობრებს და სწორედ დღეს, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ვესაუბრეთ წინამორბედ ელჩს კელი დეგნანს. ჩვენ გვითხრეს, რომ მალე გაკეთდება მკაცრი განცხადება. ამ დღეებში სახელმწიფო მდივანი არ იმყოფება ვაშინგტონში, ამიტომ ზუსტი დრო უცნობია, თუ როდის მოხდება ამ განცხადების მასთან შეჯერება და მისგან თანხმობის მიღება. ქართული ოცნების წევრთა მიერ ბოლო დროინდელი განცხადებები და საკანონმდებლო ინიციატივები იმდენად აღმაშფოთებელია, რომ იქნება გარკვეული სახის შემხვედრი პასუხი. სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ადეკვატურ პასუხზე იმ ბრალდებებისა და განცხადებებისადმი, რომელიც ვაშინგტონის მისამართით თბილისიდან ისმის", - აცხადებს იან კელი. 

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა