logo
ENG



კელი ოცნებაზე: ანტიდემოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმისკენ გადახვევის კიდევ ერთი მტკიცებულება

03 სექ 202120:52
3 წუთის საკითხავი
 
კელი ოცნებაზე: ანტიდემოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმისკენ გადახვევის კიდევ ერთი მტკიცებულება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკას ეხება. კერძოდ, ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა, როდესაც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე განცხადება გააკეთა. 

როგორც იან კელი Twitter-ზე წერს, მთავრობამ კონსულტაცია საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებთან გაიარა. 

"ის [სალომე ზურაბიშვილი] არ იყო "კარგად ინფორმირებული", რადგან ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ისე, რომ არავისთან გაუვლია კონსულტაცია ქართული ოცნების წევრების გარდა, მათ შორის არც პრეზიდენტთან. სამწუხაროდ, ეს ანტიდემოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმისკენ გადახვევის კიდევ ერთი მტკიცებულებაა", - წერს იან კელი.

მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.

ამაზე სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირის ფულად დახმარებაზე. ამასთან სალომე ზურაბიშვილს არ უხსენებია ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირობა, მართლმსაჯულების რეფორმის შესრულებაზე. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.


close დახურვა