„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია. არადა, მთავრობა ირწმუნებოდა, რომ კონკრეტული ხედვა აქვს და სწორედ ამის გამო ოპონენტების რჩევების გათვალისწინება არ უნდა. ოპოზიცია კი მმართველ გუნდს მოუწოდებს, საგადასახადო შეღავათები დააწესოს.
კოვიდ-19 ის ეფექტი უკვე დრამატულად აისახა ტურიზმზე, მომსახურების სფეროსა და ეროვნულ ვალუტაზე. სტუმრების გარეშე დარჩენილი სასტუმროები მუშაობას წყვეტს. ტურისტებისგან კი დედაქალაქი ყოველდღიურად იცლება. გაუქმებულია მარტისა და აპრილის თითქმის ყველა ჯავშანი. შემოსავლის გარეშე დარჩენილი სასტუმროები, რომლებსაც გადასახადების და ხელფასების გადახდა უჭირთ, დროებით დაიხურა.
დაზარალებული სექტორი საბანკო ვალდებულებებსა და გადასახადებზე მორატორიუმს ითხოვს და ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ელოდება. სასტუმროების გარდა, კორონა ვირუსის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩნენ ტურისტებზე დამოკიდებული სხვა დასაქმებულებიც.
კომერციულ ჯიხურებში კი ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო წლების ანტირეკორდს უკვე მიუახლოვდა. გაუფასურების დღევანდელი მაჩვენებელი 7 თეთრია.
პრევენციის და ფინანსური პრობლემების გამო მუშაობას დროებით წყვეტენ კაფე-რესტორნების ნაწილი და კლუბები. თბილისის 3-მმა დიდმა ღამის კლუბმა მომდევნო ერთი თვის ღონისძიებები უკვე გააუქმა და ფინანსურ ზარალს ითვლის. კერძო სექტორი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მოლოდინშია. მთავრობის მიერ, ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით დათქმული ვადა კი ამ საღამოს ამოიწურა. გეგმა შესაბამის უწყებებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ.
პოლიტიკური ოპონენტები მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებას დღეს საგანგებო განცხადებით და გეგმით მიმართა. - 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი 17-მდე შეამციროს, გაანახევროს ქონების გადასახადი და შეამციროს საწვავის აქციზი.
გაიზიარებს თუ არა ოპონენტების რჩევებს მთავრობა და შეამცირებს თუ არა სავალდებულო გადასახადებს , უცნობია. ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც დაანონსებულ ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.