logo
ENG



კვარაცხელიას დედა: წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობა

01 დეკ 202211:20
3 წუთის საკითხავი
 

სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულების - აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის პროცესი გაიმართება.

კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს:

"მოთმინება ბრილიანტია"-ო, ბერი გაბრიელის სიტყვები გონებაში მუდმივად მიტრიალებს, ვითმენთ ძალიან ბევრს, ზომაზე მეტს, მაგრამ მოთმინება, ხშირად ურწმუნო, უსულო ადამიანების წინაშე ძალიან დამღუპველია, აზრადაც კი არ მომდის , რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო, წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება, რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს???

[დღეს] მორიგი აბსურდის თეატრია, ვერ წარმოიდგენთ როგორი რთული სანახავია ადამიანი რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს, წმინდა მამები ხშირად წერილებში აღწერენ ეშმაკს, რომელიც მათ გამოეცხადათ, და რომელიც ძალიან საზარელია, სწორედ ასეთი ადამიანების დათმენა მიხდება, ასეთ სახეს იღებს ადამიანი სინანულის გარეშე, ასეთები არიან მკვლელები, მკვლელების დედები და მათი უფლებადამცველები, ოჯახები ძალიან დიდი თანხის ფასად ცდილობენ შვილების დახსნას…

მინდა მჯეროდეს რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლენი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მკვლელი კავილაძის უნიჭოდ შედგენილ მონოლოგს, რომელიც, იფიქრა რომ გულისამაჩუყებელი იქნებოდა, არ გამოდგა წარმატებული. "სულგაყიდული ადამიანი ეშმაკის სათამაშოა". როგორ მებრალებით… "ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ", — ამბობდა გოდერძი ჩოხელი… თქვენც არ განახოთ უფალმა, ბევრი შავად შემოსილი ქართველი ქალი ერთად ჩემო ძვირფასებო!!!" - წერს ომაძე.

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. ის კლინიკაში, მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. 

 

 
 
 
 

close დახურვა