logo
ENG



კვება ბაღებში - შაბათის ფორმულა

10 თებ 202420:20
3 წუთის საკითხავი
 

სტაფილოკოკი, მძიმე მეტალები და სიცოცხლისთვის საშიში სხვა ბაქტერიები. საგანგაშო დასკვნა რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ შიდა ქართლის ბაგა-ბაღებში - ბავშვებს სხვადასხვა ნივთიერებებით დაბინძურებულ საკვებს აჭმევდნენ. სტაფილოკოკის ბაქტერია ყველში, მძიმე მეტალები არაჟანში და კარაქში. ყველა საეჭვო ბაქტერია რაც ბაგა ბაღების კვების რაციონშია აღმოჩენილი, სიცოცხლისთვის სახიფათოა და ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა მძიმე დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. როგორ აღმოჩნდა ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებში ბაქტერიები - ეს კითხვები  შაბათის ფორმულამ - გორის სკოლამდელ აღსაზრდელთა სააგენტოს ხელმძღვანელობას დაუსვა.

დამატება:

წინამდებარე სიუჟეტთან დაკავშირებით, 15 თებერვალს შპს ,,ენ პროდუქტის’’ დირექტორმა, ნინი გაგნიძემ განცხადებით მიმართა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ თვითრეგულირების ორგანოს. განმცხადებლის მოთხოვნა შეეხებოდა სიუჟეტში დაშვებული შეცდომების შესწორებას თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს. კომისიამ განიხილა საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ სიუჟეტში უკვე წარმოჩენილია განმცხადებლის პოზიცია, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სატელევიზიო ეთერით შესწორებასთან დაკავშირებით. კომისიის გადაწყვეტილებით, მაუწყებლის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დაცვით, ვაქვეყნებთ განმცხადებლის ვრცელ პოზიციას სიუჟეტში დასმულ საკითხზე უცვლელად.

"შპს ენ პროდუქტი გამოეხმაურა შაბათის ფორმულას მიერ 2024 წლის 10 თებერვალს გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში რძის პროდუქტების საკითხს. შპს ენ პროდუქტმა წარმოგვიდგინა კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, ექსპერტიზის დასკვნები და შემოწმების ოფიციალური დასკვნები, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ რძის პროდუქტებში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებები იყო კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, კერძოდ „ანალიზების შედეგად შემოწმებული ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებს: სახელმწიფო სტანდარტისა და საქართველოს სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს“, შესაბამისად და მათ მიერ ბაღებისათვის მიწოდებული პროდუქცია არ არის საშიში ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის."

აქვე, გთავაზობთ კომისიის სრულ გადაწყვეტილებას.


close დახურვა