logo
ENG



კვესიტაძის თქმით, სააპელაციომ რუსთავი 2-ისთვის 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

17 მაი 202318:07
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი არხის წამყვანი და ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლომ დღეს რუსთავის 2-ის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

კვესიტაძის თქმით, საქმე ეხება 2019 წელს, როცა პაატა სალიამ არ გადაუხადა მისი კუთვნილი ხელფასი და ასევე, 5 ჟურნალისტი და პროდიუსერი დისკრიმინაციულ საფუძველზე გაათავისუფლა - კერძოდ, სალიას მოტივი იყო ის, რომ მის საინფორმაციო პოლიტიკას არ ეთანხმებოდნენ.

"ანუ რუსთავი 2-მა ხელფასი არ მომცა, საპენსიო ფონდიდან დაბრუნებული ჩემი კუთვნილი ფულიც კი მიითვისა, სამსახურიდან გამომაგდო და ერთი წლის თავზე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომ მე ჩემი ნებით წავედი და კონტრაქტი ცალმხრივად გავწყვიტე. ეს სარჩელი სასამართლომ, რასაკვირველია, დაუკმაყოფილა. ამაზე დიდი უსამართლობა და უტიფრობა იშვიათად მინახავს. მაგრამ მოვა დრო და ყველა აგებს პასუხს", - წერს კვესიტაძე.

ჟურნალისტის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს - საქმესთან დაკავშირებით ხვალ, 11:00 ეკა კვესიტაძე ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.


close დახურვა