logo
ENG



კვირიკაშვილი: რუსულმა კანონმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სტატუსის მიღებას

28 თებ 202317:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/28/xe2xd07fanckdqg.jpg

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონპროექტის მიღებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.

მისი თქმით, იმედს იტოვებს, რომ "ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყანა დააშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა".

"არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ სამწუხაროდ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეწონილობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.

როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც, შესაძლოა, დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა", - წერს კვირიკაშვილი.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა