logo
ENG



კვირიკაშვილი უგულავას დაკავებაზე:მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება

11 თებ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია - როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად - აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია.

"ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში - აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული.
ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე. მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 


close დახურვა