logo
ENG



კვლევა: 2016 წელთან შედარებით, საქართველოში ჰომოფობიური განწყობები ნაკლებადაა გამოხატული

06 მაი 202215:36
3 წუთის საკითხავი
 

"ქალთა ინიციატიცების მხარდამჭერმა ჯგუფმა" ლგბტ(ქ) ი თემის მიმართ საქართველოში საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ კვლევა მოამზადა, რომლის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით 2021 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები ჰომო/ბი/ტრანსფობიის ინდექსები კლების ტენდენციას ამჟღავნებს.

შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული იმ რესპონდენტების წილი, ვინც ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ ზიზღს განიცდის, ურთიერთობებს გარყვნილად აღიქვამს ან მორალურად განიკითხავს მათ.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2016 წელთან შედარებით, ჰომოფობიური განწყობები უფრო ნაკლებადაა გამოხატული. მნიშვნელოვნადაა შემცირებული იმ რესპონდენტების წილი, ვინც გეი/ლესბოსელი ადამიანების მიმართ ზიზღს განიცდის, ურთიერთობებს კი გარყვნილად ან "არაბუნებრივად" აღიქვამს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ დამოკიდებულებების ცვლილების ამგვარი არათანაბარი დინამიკას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

"შეიცვალა გენდერული როლებისა და თანასწორობის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც, თავის მხრივ, ჰომო/ბი/ტრანსფობიის მნიშვნელოვან პრედიქტორს წარმოადგენს და, ჰომოფობიისა და ბიფობიის ინდექსებთან შედარებით, ყველაზე მეტ გავლენას ტრანსფობიის ინდექსზე ახდენს. გარდა ამისა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სათემო ორგანიზაციების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტრანს ჯგუფის გაძლიერებასა და ტრანს საკითხების ადვოკატირებაზე იყო ფოკუსირებული.

ამან ხელი შეუწყო როგორც ჯგუფის წევრების, ისე მათ მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და მედიის დაინტერესებას ამ საკითხით. გენდერული ასიმეტრია ტრანს ადამიანების მიმართ დამოკიდებულებების ცვლილებაში (გენდერულად არაკონფორმული კაცე­ბის მიმართ მიმღებლობა უფრო გაიზარდა, ვიდრე გენდერულად არაკონფორმული ქალების მიმართ) კიდევ უფრო ამყარებს ამ მოსაზრებას: ბოლო რამდენიმე წელში მკვეთრად გაიზარდა ტრანს ქალებისა და მათი პრობლემების, მათ მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის შემთხვევების ხილვადობა, მაშინ, როცა ტრანს კაცები დღემდე „უხილავ” ჯგუფად რჩება", - აცხადებენ კვლევის ავტორები. 

გთავაზობთ ძირითად ტენდენციებს კვლევიდან:

ლგბტ(ქ)ი უფლებრივი თანასწორობის აღქმა პროპაგანდად

დებულებას „ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ არაა საჭირო, რომ გეებმა/ლესბოსელებმა თავიანთი ცხოვრების სტილი სხვებს მოახვიონ თავზე”, სრულიად ან ნაწილობრივ იზიარებს გამოკითხულთა 55.9%, ნაწილობრივ ან სრულიად არ ეთანხმება რესპონდენტების 18.7%, ხოლო 14.7% ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებს.

დამოკიდებულება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ

ლგბტ(ქ)ი თემისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დღემდე რჩება საკითხად, რომელიც ჰომოსექსუალობის საკითხის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის პროცესში ყველაზე ინტენსიურად გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%) კვლავ ემხრობა მოსაზრებას, რომ ლგბტ(ქ)ი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის უფლება კანონით უნდა აეკრძალოთ, 2016 წელთან შედარებით, ასეთი რესპონდენტების პროცენტული წილი 25%-ითაა შემცირებული და ორჯერ არის გაზრდილი იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ასეთ შეზღუდვას მიუღებლად მიიჩნევს (2016 წელს ასეთი რესპონდენტების წილი მხოლოდ 14.6% იყო, 2021 წელს კი – 27.1%).

დამოკიდებულება ერთი სქესის პარტნიორებს შორის ქორწინების უფლების მიმართ

მთლიანობაში, 2016 წელთან შედარებით, ქორწინების უფლებას ერთი სქესის ადამიანებს შორის რესპონდენტთა უფრო მცირე წილი მიიჩნევს მიუღებლად (შესაბამისად, 2016 წელს ასეთი რესპონდენტების წილი 88.8% იყო, ხოლო 2021 წელს – 76.4%).

დამოკიდებულება გეი/ლესბოსელი წყვილებისთვის შვილად აყვანის მიმართ

2021 წლის კვლევა აჩვენებს, რომ გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის შვილად აყვანის საკითხთან მიმართებაში განწყობები ბევრად შერბილებულია. დებულებას „გეი წყვილს ისევე უნდა ჰქონდეს ბავშვის აყვანის უფლება, როგორც ჰეტეროსექსუალების წყვილს” სრულიად ან მეტწილად არ ეთანხმება რესპონდენტთა 67.9%. განსაკუთრებით მაღალია იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, ვინც აფიქსირებს რადიკალურ პოზიციას („სრულიად არ ვეთანხმები” – 60.2%). რესპონდენტთა 8.1% ნეიტრალურ პოზიციას არჩევს, 16.3 % კი მეტწილად ან სავსებით უჭერს მხარს დებულებას.

დამოკიდებულება ლგბტ(ქ)ადამიანთა უფლებადამცველების მიმართ

2016 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც აქტივისტების საქმიანობას პოზიტიურად აფასებს. ამჯერად გამოკითხულთაგან თითქმის ყოველი მეხუთე (18,4%) სავსებით ან სრულიად ეთანხმება დებულებას, რომ „ლგბტ(ქ)ი ადამიანები, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ორიენტაციას/იდენტობას და საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, დასაფასებლები არიან გამბედაობისთვის”. დებულებას ნაწილობრივ ან სრულიად არ იზიარებს რესპონდენტთა 56.8%, ხოლო 14% ლგბტ(ქ)ი უფლებადამცველთა საქმიანობას ნეიტრალურად აფასებს. განსაკუთრებით მაღალია იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ლგბტ(ქ)ი უფლებადამცველთა მიმართ (44.9%) უკიდურესად ნეგატიურ განწყობას აფიქსირებს.


close დახურვა