logo
ENG



კიევში ჩასულმა სენატორებმა აშშ-სა და გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ მოუწოდეს

21 იან 202319:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/21/55idwqi70pjcwr0.jpg
Ukrainian Presidential Press Service

აშშ-ის სენატორები კიევში ჩავიდნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

1-მა რესპუბლიკელმა და 2-მა დემოკრატმა სენატორმა: ლინდსი გრეჰემმა, რიჩარდ ბლუმენთალმა და შელდონ ვაითჰაუსმა დასავლეთს უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ მოუწოდა.

„სამივე ჩვენგანი, ერთი რესპუბლიკელი და 2 დემოკრატი, ვიზიარებთ საერთო მიზანს - უკრაინამ რუსეთი გააძევოს უკრაინიდან. ამ მიზნის მისაღწევად, უკრაინის ჯარს სჭირდება ტანკები. დამღალა ამ აბსურდმა იმის გარშემო თუ ვინ გაუგზავნის ტანკებს და როდის აპირებენ გაგზავნას. პუტინი ცდილობს ძალის გამოყენებით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხეშია“ - განაცხადა გრეჰემმა.

სენატორები კიევში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც გერმანიასა და დასავლელ მოკავშირეებს შორის Leopard 2 ტანკების უკრაინაში გაგზავნის შესახებ რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„გერმანელებს მივმართავ: გაუგზავნეთ ტანკები უკრაინას, რადგან მათ ეს სჭირდებათ. ეს თქვენს პირად ეროვნულ ინტერესშია, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდეს.

ბაიდენის ადმინისტრაციას მივმართავ: გამოგზავნეთ ამერიკული ტანკები, რათა სხვები მიჰყვნენ ჩვენს გზას“ - განაცხადა გრეჰემმა.

გერმანიას უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ამავე დროს, ბერლინი უარყოფს ინფორმაციას, რომ ისინი განგებ და მხოლოდ თვითონ აფერხებენ Leopard 2-ის ტანკების გადაცემას. 

20 ივნისს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე NATO-სა და მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ, სადაც უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარება უნდა განეხილათ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა თქვა, რომ ვერ იტყვის როდის იქნება ტანკებზე გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ბერლინი მზადაა სწრაფად იმოქმედოს, თუ მოკავშირეები კონსენსუსს მიაღწევენ.

"ყველა მომხრე და მოწინააღმდეგე მხარე ძალიან ფრთხილად უნდა იქნას აწონილი", - თქვა მინისტრმა და ეს საკითხი პარასკევს განიხილებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.

პისტორიუსმა არ თქვა, რომელი მოკავშირეები არიან ტანკების მიწოდების წინააღმდეგი.

როგორც ცნობილია, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა, უკრაინას ტანკები გადასცეს, რაც ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმაც დაადასტურა. ფინეთმა განაცხადა, რომ უკრაინას 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და დასძინა, რომ Leopard-ის ტანკებსაც გადასცემს, თუ შესაბამისი შეთანხმება იქნება. ამავე დროს, პოლონეთის პრემიერმინისტრი ბერლინისგან მწვანე შუქს არ ელის. მთავრობაში განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ტანკს მაინც გადასცემენ.

რამშტაინის ბაზაზე შეხვედრამდე ზელენსკიმ გააკრიტიკა გერმანია ტანკების საკითხის გამო და თქვა, რომ Leopard-ს მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენებენ და რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავლენ.

"თუ გაქვთ Leoprad-ის ტანკები, მოგვეცით", - განაცხადა მან გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიით.

იმას, თუ რატომ ითხოვს უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს, რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გერმანული წარმოებული ეს ტანკი ბევრია - დაახლოებით, 3000 სხვადასხვა ქვეყანაში. ამავე დროს, აღნიშნული ტანკი მარტივია ექსპლუატაციისთვის. Leopard-ის 13 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში საკმარისი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალაა. გარდა ამისა, Leopard ცივი ომის დროს საბჭოთა T-90-ის კონკურენტად შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი კვლავ მრავლად არის რუსული არმიაში. 


close დახურვა