ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც დაჭრის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურები.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სპარტაკ ლეკიაშვილის ოჯახის ახლობელმა თქვა, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია, თუმცა, საუბარია ჯანმრთელობის უეცარ გართულებაზე.
"სპარტაკი კლინიკაში გარდაიცვალა. დედამ, ნათიამ მომწერა, ხელებში ჩამაკვდაო. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის ჩემთვის უცნობია, თუმცა, პირველ ეტაპზე, საუბარია, ჯანმრთელობის უეცარ გართულებაზე. სპარტაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. გარდა იმისა, რომ ომში მიღებული ტრავმის შემდეგ მხედველობა დაკარგა, ის სრულად პარალიზებული იყო", - თქვა ოჯახის ახლობელმა, ია ამირანაშვილმა.
ქართველი მებრძოლი 2023 წლის მაისში, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას მძიმედ დაიჭრა. მას პარალიზებული ჰქონდა კიდურები, დაკარგა მხედველობა.