არაგვის ხიდთან, გიორგი შაქარაშვილის დევნის ადგილზე ნინო ლომჯარია მივიდა. ომბუდსმენმა დაათვალიერა გზიდან არაგვის ხიდამდე ჩასასვლელი გზა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია, ეს გზა შაქარაშვილს დაზიანებების გარეშე გაევლო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი სიბნელეში გარბოდა და მას მისდევდნენ.
ომბუდსმენს კითხვებს უჩენს ჩანთის მდებარეობაც - ნინო ლომჯარიას თქმით, არ აქვს ახსნა იმას, თუ რატომ გაიარა ფეხბურთელმა ჩანთის შესანახად მეჩხერი მდინარე.
„პირველი შთაბეჭდილება ისაა, რომ ღამით, როცა მდევარი მოგდევს, როგორ შეიძლება ეს ბილიკი გაკვალო ისე, რომ ტრავმები არ მიიღო. ექსპერტიზა ამბობს, რომ მას არ აქვს დაცემით მიღებული ტრავმები.
კითხვებს აჩენს ის, რომ სადაც იპოვეს ჩანთა, უნდა გაევლო მეჩხერი მდინარე. რადგან ოჯახის წევრების თქმით, გიორგი არ გაივლიდა მდინარეში. რა შეიძლება ყოფილიყო მიზანი, რომ გაევლო მდინარე და დაედო იქ ჩანთა. იქ ნაპირიც არ არის, რომ ამ მოტივით ახსნილიყო.
ალოგიკურია რაღაცები. სურათის აღსადგენად ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ვიღაც მალავს ინფორმაციას ან ვიღაც იტყუება. ასე სურათი არ იკვრება", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.
სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.
დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ექსპერტიზაში არსებული ჩანაწერი ყველა კუნთზე გაშეშების შესახებ მიანიშნებს გარდაცვალების სავარაუდო დროზე. კერძოდ, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გაშეშება სხეულზე ადასტურებს, რომ გარდაცვალებიდან 48 საათიც არაა გასული.
დასკვნაში ამ ჩანაწერს გამოეხმაურა ალექსანდრე გეჯაძე და განაცხადა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. თუმცა დასკვნის შემდგენმა სამხარაულის ბიურომ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი არ იყო შეცდომა.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება.