კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორი, გაგა ჩხეიძე სამართლებრივ დავას იწყებს. მის უფლებებს სასამართლოში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით სამართლიანი არჩევნების და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები დაიცავენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებმა გაგა ჩხეიძის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ "ეს არის რეპრესიები იმ ადამიანებისადმი, რომლებიც წულუკიანის პარტიის კურსს არ მიჰყვებიან".
კინოცენტრის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა. როგორც თავად ჩხეიძე აღნიშნავს, მას აღნიშნული დასკვნა არ უნახავს. ის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, 2022 წლის 14 მარტს გაათავისუფლეს.
ყოფილმა დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებაა.
"როცა ქალბატონი თეა ჯერ კიდევ პარლამენტში იყო ჩვენ შევხვდით და ჩვენი საუბარი დაიწყო ერთი ფილმის განხილვით ეს გახლავთ სალომე ჯაშის მოთვინიერება, რომლის პრემიერითაც უკმაყოფილო იყო ქალბატონი თეა. უკმაყოფილო იყო იმითიც, რომ კინოცენტრმა სახელმწიფო ფული დახარჯა ამ ფილმის დაფინანსებაზე. ქალბატონი თეა როგორც ჩანს, უპირველეს ყოვლისა, უკმაყოფილო იყო იმ პეტიციით, რომელიც დაიწერა და გავრცელდა მის მოსვლამდე, დაახლოებით 7 00 კაცი აწერდა პეტიციას ხელს, რომ ქალბატონი თეა არ გამხდარიყო კულტურის მინისტრი. ალბათ, ერთ თვესაც ვიმუშავებდი, რომ არა შეიძლება ის პოლიტიკური განცხადება, რომელიც მე გავაკეთე კინოცენტრის სახელით უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით", - თქვა ჩხეიძემ.