logo
ENG



კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხუბუნაია წულუკიანის მოადგილედ დაინიშნა

04 ოქტ 202317:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/04/ksw7ehrng2wfv8i.jpg

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ კობა ხუბუნაია დაინიშნა. ინფორმაციას სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს.

"კობა ხუბუნაია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას. მისი ხელმძღვანელობით სისტემური რეფორმების საფუძველზე ხორციელდება კინოცენტრის მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილის რანგში, კობა ხუბუნაიას საკურატორო სფეროში, სსვებს შორის, იქნება სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. ის ასევე გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას.

* * *

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 


close დახურვა