თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ამ ეტაპზე, აშშ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება.
"ამ ეტაპზე, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ერთმნიშვნელოვნად ვეწინააღმდეგებით მარტივი მიზეზის გამო. ახლა ომის დასრულება ხელსაყრელი მხოლოდ ჰამასისთვისაა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ და აუცილებლად მიგვაჩნია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მძევლების გათავისუფლება ღაზაში, თუმცა არანაირად არ ვფიქრობ, რომ ჰამასის ინტერესები უნდა დავაკმაყოფილოთ. 7 ოქტომბრამდე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა იყო, ჰამასმა კი ომი აირჩია", - აღნიშნა მან.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.