აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს მოიცავს.
ეს განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისთვის ისტორიული დონის დახმარების გაწევას უსაფრთხოების სფეროში. მიმდინარე კვირის ბოლოს ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემის შემდგომი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ის მოიცავს მეტ HIMARS-ს, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე სხვაობის შესაქმნელად", - თქვა კირბიმ.
მისივე თქმით, აღნიშნული პაკეტი ასევე მოიცავს დამატებით საარტილერიო საბრძოლო მასალას და რაკეტებს MLRS-ისთვის.