თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინა პირობას დებს, რომ დასავლურ იარაღს რუსეთზე დარტყმისთვის არ გამოიყენებს.
"ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთზე თავდასხმებს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ უკრაინელებს თავდაცვის უფლება აქვთ. ჩვენ ვთქვით, რომ არ გვინდა წავახალისოთ ან ხელი შევუწყოთ თავდასხმებს რუსეთში, რადგან არ გვინდა ძალადობის ესკალაცია იმ მასშტაბის მიღმა, რაც უკვე დაატყდა თავს უკრაინელ ხალხს.
ჩვენ ვაწვდით იარაღს უკრაინელებს და ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი - ისინი [უკრაინელები] თავად გადაწყვეტენ, რას მოიმოქმედებენ. მათ დაგვარწმუნეს, რომ არ გამოიყენებდნენ ჩვენს აღჭურვილობას რუსეთის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად", - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა.
რუსული მედიის ცნობით, 30 მაისის ღამეს მოსკოვში ორი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა - მათი მტკიცებით, მიზეზი დრონების შეჯახებაა. მედიის ინფორმაციით, აფეთქება დილის 4 საათზე მოხდა.