ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კირთაძე ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმასა და შემდგომ, ენმ-ის წევრების დაკავებას ეხმაურება - მისი თქმით, ეს არის პირდაპირი შეტყობინება, რომ ქვეყანაში რუსული მმართველობაა.
"გუშინდელი დღის ქართულმა ოცნებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას პირდაპირი მესიჯი გაუგზავნა, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანებს უბრალოდ განცხადების გამო შეგვიძლია სახლში ვცემოთ.
როცა პოლიციის გულგრილობა გააპროტესტეს სხვა პოლიტიკოსებმა, მოძალადე კრიმინალების ნაცვლად, ეს ადამიანები დააკავეს. ეს ხომ არის პირდაპირი მესიჯი იმისა, რომ ჩვენი ადგილი არ არის ევროპაში და ეს არის რუსული მმართველობა. რუსული მმართველობის მოდელს გვთავაზობს ქართული ოცნება", - განაცხადა მან.
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათაბოთ ადამიანი დაესხა თავს.
ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.
მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ, რომლებიც პოლიციამ დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. არსებული ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.