დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, სოლედარის ინფრასტრუქტურიდან თითქმის არაფერი დარჩა.
"მოგეხსენებათ, მტერმა ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა ქალაქ სოლედარზე. პარასკევის შემდეგ, თავდასხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები ქალაქს იკავებენ. ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კირილენკოს თქმით, ყველა ის განცხადება, რასაც ოკუპანტები გასული კვირის ბოლოდან ავრცელებენ, რომ თითქოს ქალაქი უკვე მათი დროშის ქვეშაა, შევიდნენ და წინ მიიწევენ, რეალობას არ შეესაბამება.
"მაგრამ რთულია, ყველაზე ცხელი წერტილი სოლედარია, რომლის ინფრასტრუქტურიდან პრაქტიკულად არაფერია დარჩენილი. იქ მხოლოდ ის სიმაგრეები, მაღაროებია, რომლებშიც მტერი ცდილობს შეღწევას. მაგრამ სარდლობამ იცის ამის შესახებ. სარდლობა აქ არის, ადგილზე, უკვე მიღებულია ყველა საჭირო ზომა. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ძალები დაემატება", - განაცხადა კირილენკომ.
გუშინ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში სოლედარის დაკავებისა და უკან დახევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქზე ძლიერი შეტევა დაიწყეს.