დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო რუსების მიერ ბახმუტის შესაძლო აღების სცენარს არ გამორიცხავს.
კირილენკოს თქმით, ახლა მთავრობა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის შესანარჩუნებლად.
"ჩვენ არ გამოვრიცხავთ არანაირ სცენარს. ყველა სამხედრო თავდაცვის ხაზზე იმყოფება. და მიიღება ყველა ზომა, რომ ეს არ მოხდეს. ახლა ბახმუტი მყარად დგას. უკრაინული ჯარებისთვის სამშობლოსა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო სარდლობა უკრაინელებს არ გაწირავს მოჩვენებითი მიზნების მისაღწევად, როგორც ამას რუსეთი აკეთებს", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კირილენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ადრე ბახმუტის აღება 2022 წლის სექტემბრისთვის ჰქონდა განზრახული, ახლა კი შეტევას 2023 წლის მარტისთვის ვარაუდობენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია მტრის შესაძლებლობების გათვალისწინება, მაგრამ ამავე დროს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია "არსებული რეალობის გააზრება".
უკრაინის ცნობით, გუშინ რუსულმა ძალებმა ბახმუტთან ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელეს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოზიციების დაკავება შეძლეს.