logo
ENG



კირკიტაძე: 31 ოქტომბერს არჩევნები იმაზე მეტად გაყალბდა, ვიდრე 2003 წელს

02 ნოე 202013:41
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის მტკიცებით, 31 ოქტომარჩევნები იმაზე მეტად გაყალბდა, ვიდრე 2003 წელს. 

ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში კირკიტაძემ თქვა:

"უფრო მეტი სიყალბეა და დანაშაულია ჩადენილი, ვიდრე ეს ხდებოდა 2003 წელს. პოლიტიკური პარტიები მზად არიან, არ შეყვნენ ამ თამაშში ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ, მას მოსყიდვით, დაშინებით უპყრია მმართველობა".

მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს არაერთი ვიდეომტკიცებულებას იმის შესახებ, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები უბნებზე, შემდეგ კი ამ მტკიცებულებებს საერთაშორისო პარტნიორებსაც მიაწვდინოს. 

მისივე თქმით, აუცილებელია, ქართველი ხალხი და პარტიები ჩამოყალიბდნენ ერთ პრინციპულ საკითხზე - ვის ებრძვიან:  

"კომისიის 3700-კაციან წარმომადგენლობას, რომელიც ქართული ოცნებით არის დაკომპლექტებული, ვებრძვით თამარ ჟვანია.. ეს იქნება შედეგებთან ბრძოლა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მიზეზს. 

მიზეზი იმისა, რომ ასე ჩატარდა არჩევნები, მიზეზი იმისა, რომ ძალიან გვიჭირს, მიზეზი, რომ ქართველი ამომრჩეველი არავის ადარდებს, არის ბიძინა ივანიშვილი. 

ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. ჩვენი აგრესია, ჩვენი სამართლიანი პროტესტი უნდა იქნეს მიმართული ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ 2003 წელს. მაშინ რომ მოგვეთხოვა ნანა დევდარიანის გადადგომა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადადგომა, ვერ მივიღებდით იმ შედეგს. 

ჩვენს ხელისუფლებას, იმ ვერტიკალს, რომელიც დასაკუთრებული აქვს ივანიშვილს, უნდა ჩამოვაშოროთ მას. რა გზითაც არ უნდა იყოს. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და ეს უნდა გავაკეთოთ". - თქვა ენმ-ის წევრმა. 

დავით კირკიტაძე რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატია. ცესკოს მონაცემების მიხედვით, მან ხმების 32,59% მიიღო და ქართული ოცნების კანდიდატთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად, II ტურში უნდა მიიღოს მონაწილეობა. 

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები თითქმის იდენტურია. თუმცა, გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ გაყალბებული ოქმები 8%-მდე უბნებში გაყალბდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 


close დახურვა