logo
ENG



კისლიცა გაეროში: რუსეთი ტყუილების ტალახში იძირება

07 ივნ 202309:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/34h8ygwlfgoxmgf.jpg

გაეროს უშიშროების საბჭოზე კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქება განიხილეს. უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ რუსეთისთვის დამახასიათებელია მსხვერპლის საკუთარ დანაშაულში დადანაშაულება და აღნიშნა, რომ რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს კაშხალს და კიევისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო მისი აფეთქება.

კისლიცას თქმით, რუსეთი კვლავ "ტყუილების ტალახში იძირება".

"დამწვარი მიწის ტაქტიკის, ან ამ შემთხვევაში დატბორილი მიწის ტაქტიკის გამოყენებით, რუსმა ოკუპანტებმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ აღებული ტერიტორია მათ არ ეკუთვნით და მათ არ შეუძლიათ ამ მიწების დაკავება", - თქვა კისლიცამ.

როგორც გამოცემა The Guardian წერს, საბჭოს სხდომაზე აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა პირდაპირ არ თქვეს რუსეთის პასუხისმგებლობაზე, მაგრამ მათ გამოძიება მოითხოვეს და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

უშიშროების საბჭოს გარეთ აშშ-ის ელჩის მოადგილემ რობერტ ვუდმა განაცხადა:

"უახლოეს დღეში მეტი ინფორმაციის მიღების იმედი გვაქვს. მაგრამ კაი რა, რაში სჭირდება უკრაინას ამის გაკეთება თავის მიწაზე და თავის ხალხთან, თავისი მიწის დატბორვა, ათასობით ადამიანის იძულება დატოვონ საკუთარი სახლი - ამას აზრი არ აქვს".

ამავე დროს კაშხლის აფეთქებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის ქმედება ომის დანაშაულს ან ტერორისტულ აქტს უტოლდება.

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. 

კაშხლის განადგურების შედეგად, კახოვკას წყალსაცავის წყალი სოფლებსა და ქალაქებს ტბორავს, ხერსონის ოლქის საშიშ რეგიონებში გამოცხადებულია ევაკუაცია. უკრაინა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კაშხალი განზრახ ააფეთქეს.

ნოვა კახოვკას საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად ჰიდროელექტროსადგურის სარქველები დაინგრა, თავად კაშხალი კი არ დაზიანებულა.


close დახურვა