25 სექტემბერს გაეროს ასამბლეის უმაღლესი დონის რიგით მეოთხე შეხვედრაზე წარდგენილი არაგადამდები დაავადებების შესახებ ახალი რეზოლუციის პროექტი აშშ-ს წინააღმდეგობის გამო ვერ დამტკიცდა.
საერთაშორისო ექსპერტი ქლაივ ბეითსი გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ თამბაქოს კონტროლის აქტივისტებმა, სახელმწიფო თანამდებობის პირებმა და აკადემიის წარმომადგენლებმა ძალისხმევა ნიკოტინის ამოძირკვისკენ მიმართეს. თუმცა, სინამდვილეში ეს თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებების სიხშირის შემცირებას, ხელშეწყობის ნაცვლად, იდეოლოგიური მოტივით შეაფერხებს.
სტატიის ავტორი წარდგენილი რეზოლუციის წინადადების ტექსტს სამი მიზეზით აკრიტიკებს:
პირველი, დეკლარაცია უგულვებელყოფს არაგადამდები დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს, რაც არის თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვა და არა - თავად თამბაქო ან ნიკოტინი. მძიმე ტოქსიკურობას წვის პროდუქტები განაპირობებს, არაგადამდები დაავადებების შესამცირებლად კი საჭიროა კვამლთან გამკლავება. ამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ნიკოტინის მაღალრისკიანი მოხმარებიდან (მოწევიდან) დაბალრისკიან (უკვამლო) მოხმარებაზე გადასვლაა.
მეორე მიზეზი ნიკოტინისა და თამბაქოს ერთმანეთში დაუდევრად არევაა, რითაც ნაგულისხმევია, რომ ნიკოტინის მოხმარება (რის ქვესიმრავლესაც თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს) ახლა მთავარი სამიზნეა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკოტინის მოხმარება ამოიძირკვება - ადამიანები მას ფსიქოაქტიური ეფექტებისთვის იყენებენ და მისი მიწოდება ადამიანების მოთხოვნის შესაბამისად (კანონიერად თუ უკანონოდ) გაგრძელდება. ამდენად, მოწევის აღმოფხვრის მიზანი გაცილებით უფრო რეალისტურია, თუკი მისი მიღწევა იგეგმება ადამიანებისთვის ნიკოტინისგან თავის შეკავების მოთხოვნის დაწესების გარეშე.
მესამე, შემოთავაზებული ტექსტი უარყოფითად ფასდება ძირითადად იმის გამო, რაც მას აკლია. ბეითსი სვამს კითხვას: თუკი ამ შეხვედრის მიზანი არაგადამდები დაავადებების შემცირებაა, მაშინ როგორ მოხერხდა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სახელმწიფოების, აკადემიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამაში ჩადებულმა ერთობლივმა რესურსმა სრულად უგულებელყო შესაძლებლობა, რომ ნიკოტინის მოხმარება გადავიდეს ნიკოტინის წვადი პროდუქტებიდან მისი უკვამლო პროდუქტების მოხმარებაზე? ეს მოსაზრება ტექსტში საერთოდ არ გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მარტივად შესასრულებელი ახალი პერსპექტივაა.
"პრობლემის ნაწილად ნიკოტინის დასახელება გამოსავლების პოვნას გაართულებს და პროგრესს შეანელებს" - წერს ბეითსი და აღნიშნავს, რომ პრობლემის ცხადად ფორმულირება ეფექტიანი გამოსავლის პოვნისთვისაა მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება რეზოლუციის მიზნებსა და გეგმებს, ბეითსს ეჭვი ეპარება მათი შესრულების რეალისტურობაში და აღნიშნავს: "2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებების ერთი მესამედით შემცირების გლობალური ძალისხმევა თამბაქოს კონტროლის იდეოლოგებმა მიიტაცეს. ეს კარგად არ დასრულდება."
