საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებით, ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებისა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა.
"გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე"- წერს ის Twitter-ზე.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.