საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს დააჩქაროს ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინის შემოტანის პროცესი. კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ პანდემიიდან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის დროული დაწყებით.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციის გარეშე უახლოეს მომავალში პანდემიის მესამე ტალღის გარდაუვალობა.
"პანდემიის გამო ქვეყანაში გამკაცრებული რეგულაციებით შესაძლებელია მდგომარეობის პირობითი სტაბილიზაცია, მაგრამ პანდემიიდან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის დროული დაწყებით. ვაქცინის გარეშე თითოეული დღე - განაჩენია, რომელიც ყოველდღიურად მოიცავს ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის საქმეში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაგვიანებულია", - აცხადებენ ასოციაციაში.
კლინიკების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ იმ ფონზე, როდესაც ჯანმოსა და კოვაქსპლათფორმის მიერ უზრუნველყოფილი ვაქცინის რაოდენობა მცირეა, საქართველომ ვაქცინისმწარმოებლებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან მოლაპარაკების დაწყება დააგვიანა. გარდა ამისა, ასოციაციაში აცხადებენ, რომ მთავრობამ კარანტინი და შეზღუდვები არაეფექტურად გამოიყენა.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ მხოლოდ კოვაქსპლათფორმაზე დაყრდნობა არასაკმარისია, ვაქცინის მისაღებად მოძიებული უნდა იქნას დამატებითი წყაროები.
ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მაღალი სტანდარტის ვაქცინის შემოტანის პროცესს და ამასთან დაკავშირებით აღმოფხვრას ყველა სახის დაბრკოლებები და ბიუროკრატიული მექანიზმები.
"ვაქცინაციის ეფექტურობის და მისი დადებითი შედეგების შესახებ მოსახლეობაში უნდა გავრცელდეს საინფორმაციო ბუკლეტები და შეიქმნას სპეციალური სატელევიზიო რუბრიკები", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ვაქცინაციის პარალელურად უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უნდა დაიწყოს ყველა სახის ბიზნესსექტორის ფუნქციონირება, რეგულაციების მკაცრი დაცვით.
ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სისტემაში დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს საკადრო ცვლილებები და იგი უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით შერჩეული აკადემიური და მაღალკვალიფიციური კადრით.
ამერიკულ-გერმანული "ფაიზერი", ბრიტანული "ასტრაზენეკა", ასევე ჩინური "სინოფარმა", ან "სინოვაკი" - ეს ბოლო პერიოდში დასახელებული სხვადასხვა ვაქცინაა, რომელიც საქართველოში შეიძლება, შემოიტანონ.
მთავრობის გეგმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივი იქნება. პირველ ეტაპზე მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის იქნებიან, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები. ეს სია ჩამოყალიბების პროცესშია.
ჯერჯერობით მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, როდის, რომელ და რა რაოდენობის კოვიდვაქცინას შემოიტანს საქართველოს მთავრობა, ან როგორია ვაქცინაციის გეგმა ყველა ტიპის გამოწვევის გათვალისწინებით - როგორც ლოჯისტიკური, ასევე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით. კომუნიკაციის არამწყობრი სტრატეგია ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებას აბნევს. ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის უცნობია, როდის შეძლებს ქვეყანა დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ ტემპს.
რა ვიცით ამ დრომდე კოვიდვაქცინის საქართველოში შემოტანასა და ვაქცინაციის გეგმაზე - წაიკითხეთ აქ.